სიტი 3 ლივერპული 0

სეზონის პირველი დამარცხება პრემიერ ლიგის მეორე ტურში შედგა, სადაც ინვესტიციის შედეგად მნიშვნელოვნად გაძლიერებულმა სიტიმ ჯერ კიდევ გაყიდვის მოლოდინში მყოფი ლივერპული ყველა სათამაშო რგოლში დაჯაბნა და 0 ქულით გაუშვა სიტი ოვ მანჩესტერ სტედიუმიდან.

კოულის დისკვალიფიკაციის გამო არყოფნაში ჰოჯსონმა გუნდი კლასიკურ და პირადად მისთვის ჩვეულ 4-4-2-ზე გადაიყვანა. შემტევ რგოლს ნგოგი და ტორესი აგვირგვინებდნენ, ჯერარდის გვერდით კი ცენტრში ადგილი ლუკაშს ეკავა – ხავიერ მასკერანომ თამაშამდე მწვრთნელს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ბარსელონაში გადაბარგება სურს და შექმნილი სიტუაციის შედეგად, ძირითადში აღარ გამოსულა.

სრული შემადგენლობა:

რეინა
ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, აგერი
კიუიტი, ჯერარდი, ლუკაში, იოვანოვიჩი
ნგოგი, ტორესი

არსენალთან მატჩის მსგავსად, ჯერარდი მის ადრინდელ (პრე-ბენიტესი) ცენტრალურ პოზიციაზე გამოვიდა და მთელი თამაშის განმავლობაში ამარაგებდა გუნდელებს მისთვის შორი გადაცემებით – 40-იარდერებით, რომლებმაც მას სახელი მოუტანა ჟერარ ულიეს დროს. როგორც ჩანს, ჰოჯსონი ცენტრიდან სწორედ ასეთი სახით განვითარებულ შეტევებში ხედავს წარმატების საფუძველს და სტივის დაბრუნება მის ძველ პოზიციაზე გრძელვადიანია.
სიტის ყველა სათამაშო რგოლი პირველ ტაიმშივე აქტიურად მოქმედებდა – მათმა მოძრაობამ და ფლანგურმა გარღვევებმა იმაზე მეტი პრობლემა შეუქმნა ლივერპულს, ვიდრე არსენალის შეტევის თამაშმა პირველ ტურში. პირველი გოლი მანჩესტერის გუნდმა მე-13 წუთზე შეაგდო, როცა მარჯვენა ფლანგზე მათმა ოთხმა მოთამაშემ ლივერპულის ოთხეულის მიერ თავდაცვაში ადგილების სუსტი განაწილება გამოიყენა, რასაც ჯეიმს მილნერის მიერ საჯარიმოში ბურთიანად მოხვედრა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოჰყვა:

1. სიტის ოთხი მოთამაშე წითლების ოთხი ფეხბურთელის წინააღმდეგ; დანიელ აგერი იწყებს გადანაცვლებას ფლანგზე მყოფი ადამ ჯონსონის მიმართულებით, რომელიც დე იონგის პასს იღებს. იგივე მიმართულებით მოძრაობს იოვანოვიჩი. ლუკაშ ლეივა პასიურ როლს იკავებს საჯარიმოს წინ:

2. შედეგად საჯარიმოში ყოველგვარი მეურვეობის გარეშე რჩება მილნერი. მას არც იოვანოვიჩი ფარავს და არც ლუკაში – მათ ამ მომენტში არავინ ჰყავთ აყვანილი:

3. ჯონსონი მილნერს გადაცემას უკეთებს საჯარიმოში; სტივენ ჯერარდი წამებით ადრე ტურეს მეურვეობდა, ამიტომ ახლა მილნერის სწრაფად დაფარვას ვერ ახერხებს, ლუკაში კი მოვლენებს ისევ გვერდიდან ადევნებს თვალს. იოვანოვიჩი და აგერი ჯონსონის გადაცემას ვერ ბლოკავენ:

4. შედეგად მილნერი საჯარიმოში ბურთით აღმოჩნდება და საგოლე გადაცემას აკეთებს:

მოცემულ მდგომარეობაში ყველაზე აშკარაა იოვანოვიჩისა და განსაკუთრებით ლუკაშის მიერ სიტის თავისუფალი მოთამაშეების არ-დაფარვა, რასაც ლივერპულის დაცვის მთელი მარცხენა ზონის ჩავარდნა მოჰყვება. იოვანოვიჩის შემთხვევის ახსნა შეიძლება მომენტის დინამიურობით – დე იონგის გადაცემის შემდეგ სერბი აგერის დახმარებას ცდილობს ადამ ჯონსონის შესაძლო გარღვევის ან გადაცემის შესაჩერებლად. თუმცა ლუკაშის პასიური როლი შეტევის განვითარების მთელი ხანგრძლივობის დროს გაუმართლებელია – მილნერის ასაყვანად გადანაცვლება იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მის მდგომარეობაში მყოფ მოთამაშეს უნდა მიეღო და ამით ჯერარდი გაურკვეველ მდგომარეობაში არ ჩაეგდო.

მეორე გოლი თამაშის მეორე ნახევარში, კუთხურის ჩაწოდებიდან გავიდა, როდესაც რიჩარდსმა საჯარიმოში აგერს აჯობა, მისი თავური კი კარში ტევესმა გადაგზავნა:

1. რიჩარდსი და აგერი მაღალი ბურთის მოსაგებად ემზადებიან, ლუკაში კი კარლოს ტევესს მეურვეობს კარის წინ, თუმცა ეს უკანასკნელი მეკარის წინ მიემართება, ბრაზილიელი კი მის მოძრაობას არ აკონტროლებს:

2. რიჩარდსის თავური ტევესისაკენ მიფრინავს, რომელიც სრულიად მარტოა დარჩენილი რეინას წინ:

მეორე გოლის მარტივი ანალიზი ლუკაშის აშკარა შეცდომას გამოავლენს – საჯარიმოში მყოფი ყოველი მცველი სიტის მასთან მყოფი ფეხბურთელის მდებარეობას და მოძრაობას აკონტროლებს (და ფიზიკურადაც ცდილობს მათი მოძრაობის შეზღუდვას), ბრაზილიელი ნახევარმცველი კი ტევესს არც თვალს ადევნებს და არც მისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

წარსულზე “რომ ყოფილიყო” ფორმაში არ საუბრობენ, თუმცა მსგავს ეპიზოდებში ლუკაშის ადგილას მყოფი მასკერანო საჭირო პოზიციას არასდროს კარგავს. არგენტინელის მდგომარეობა უკვე ნახევარი წლის განმავლობაშია ნათელი და მატჩში მისი არ-გამოჩენის მიზეზებიც კარგად იქნა გაშუქებული, თუმცა საინტერესოა, რატომ ენდო როი ჰოჯსონი ლუკაშ ლეივას კრისტიან პოულსენზე მეტად – ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია, ლუკაშზე გაცილებით მეტი აგრესიულობით გამოირჩევა ფიზიკურ ბრძოლაში ყველა გუნდში, რომელშიც უთამაშია.

Advertisements

2 Comments on “სიტი 3 ლივერპული 0”

  1. MC ამბობს:

    ლუკაშის შეცდომები ყველგან აშკარაა.

    მესამე გოლზე რატომ აღარ დაწერეთ? : )

    • Tornike ამბობს:

      აშკარა პენალტი იყო და გასარჩევიც აღარ დარჩა არაფერი : )


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s