ჯეიმი კანვარის სტატია კლუბის გაყიდვისა და მმართველობის კრიზისულ სიტუაციაზე

ჯეიმი კანვარი (Jamie Kanwar) პოპულარული კრიტიკული ვებ-გვერდის liverpool-kop.com ავტორია. ის ცნობილია უკომპრომისო მიდგომით კლუბთან დაკავშირებული ყველა საკითხის ანალიზისას და იყენებს სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციულ წყაროებს მტკიცებულებების გამოსაქვეყნებლად. მისი ადრინდელი სამუშაო საკითხები შეეხებოდა ტომ ჰიქსისა და ჯორჯ ჯილეტის მფლობელობას, რაფაელ ბენიტესის შეცდომებს, ლივერპულის მოთამაშეების სუსტ თუ ძლიერ მხარეებს და სხვა თემებს.
კანვარის დღევანდელი სტატია კლუბში მიმდინარე სიტუაციას შეეხება – კლუბის ამერიკელმა მფლობელებმა ტომ ჰიქსმა და ჯორჯ ჯილეტმა 5 ოქტომბერს დირექტორთა საბჭოს ორი წარმომადგენლის – მმართველი დირექტორის კრისტიან პარსლოუსა და კომერციული დირექტორის იან ეირის გათავისუფლება სცადეს, რათა დაებლოკათ პარსლოუს, ეირისა და კლუბის ხელმძღვანელის მარტინ ბროუთონის გადაწყვეტილება ლივერპულის გაყიდვის შესახებ და კლუბი კვლავ მათ მფლობელობაში დაეტოვებინათ. კანვარი მიმდინარე სიტუაციას სამართლებრივად განიხილავს და წერს, რა გადაწყვეტილების მიღებაა მოსალოდნელი სასამართლოს მიერ.

ბროუთონი ჰიქსის წინააღმდეგ: კლუბში მიმდინარე სამართლებრივი სიტუაციის განხილვა (მტკიცებულებებით)

ჯეიმი კანვარი
8 ოქტომბერი 2010

ლივერპულის ფანები ფრთხილ მოლოდინში არიან – თითქოს დადგა მომენტი, როდესაც ტომ ჰიქსსა და ჯორჯ ჯილეტს კლუბის დატოვება მოუწევთ, არც 9-ქულიანი ჯარიმის პრობლემა ჩანს და ახალი ინვესტორებიც ელიან, როდის შეეძლებათ კლუბის შეძენა. თუმცა, ამ დროისათვის გაყიდვის შეთანხმება შეჩერებულია, რადგან გადასაწყვეტია მნიშვნელოვანი სამართლებრივი კონფლიქტი. ლივერპულის ხელმძღვანელის მარტინ ბროუთონის მიერ ნახსენები დოკუმენტის განხილვის შედეგად უნდა განვაცხადო, რომ ყველაფერი არც ისე ადვილადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ქვემოთ მოცემული სტატია საკმაოდ გრძელია, თუმცა სიტუაციის სრული განხილვისათვის სხვანაირი მიდგომა არ გამოდგება. თუკი შესაბამისი ყურადღება არ გაგაჩნიათ, თქვენს ადგილზე ახლავე შევწყვეტდი კითხვას (!), თუმცა თუ გსურთ, სრულად ფლობდეთ ფაქტებს (და ამდაგვარად თვითონვე შეგეძლოთ ყველაფერში გარკვევა), განაგრძეთ:

რა მოხდა კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით?

* სამშაბათს, 5 ოქტომბერს შეიკრიბა კლუბის საბჭო, რათა განეხილა ლივერპულის შესყიდვასთან დაკავშირებული ორი შემოთავაზება.

* ბროუთონი, პარსლოუ და ეირი დღის 3 საათსა და 30 წუთზე იურიდიული ბიუროს Slaughter & May ოფისში შეიკრიბნენ.

* შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მათ ჰიქსისა და ჯილეტისაგან ფაქსის შეტყობინება მიიღეს, რომლის თანახმადაც ისინი პარსლოუსა და ეირს ათავისუფლებდნენ და მათ ადგილზე ჰიქსის შვილს მაქს და მის თანაშემწეს, ლორი ქეი მაქქათჩენს ნიშნავდნენ.

* მაქ ჰიქსისა და ლორი ქეი მაქქათჩენის საბჭოში ყოფნით ჰიქსი და ჯილეტი კლუბის გაყიდვაზე ვეტოს დადების უფლებას მიიღებდნენ.

* სამართლებრივი კონსულტაციის შედეგად ბროუთონმა გადაწყვიტა, რომ ჰიქსაა და ჯილეტს საბჭოს შემადგენლობის შეცვლის უფლება არ ჰქონდათ და შეხვედრა განაახლა.

* ჰიქსმა და ჯილეტმა შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. ბროუთონმა, ეირმა და პარსლოუმ კლუბის New England Sports Ventures-ისათვის მიყიდვა დაამტკიცეს და მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათი მოქმედება სამართლებრივი იყო.

ბროუთონის არგუმენტები

* ის ლივერპულის დირექტორთა საბჭოში ცვლილებების შეტანით უფლებამოსილი ერთადერთი პიროვნება იყო.

* ეს უფლებამოსილება შეთანხმების მუხლებში იყო ჩაწერილი.
* ჰიქსი და ჯილეტი დათანხმდნენ, რომ კლუბის გაყიდვაზე პოტენციური ‘ობიექტურად მისაღები’ შემოთავაზების მიღებას ხელს არ შეუშლიდნენ.
* ჰიქსმა და ჯილეტმა RBS (Royal Bank of Scotland, შოტლანდიის სამეფო ბანკი)-ის წინაშე წერილობითი ვალდებულებები აიღეს, რომელშიც ზემოთ აღნიშნული პირველი პუნქტიც შედიოდა.
ჰიქსის არგუმენტები
* ის არ დათანხმებია ბროუთონისათვისსაბჭოს შეცვლაზე ექსკლუზიური უფლების მინიჭებას.
* მას პარსლოუსა და ეირის გათავისუფლების, ისევე როგორც მათ ადგილას ორი დირექტორის დანიშვნის (რაც მას ხმათა უმრავლესობას მისცემდა) უფლება ჰქონდა.
* გუშინ ჰიქსის ნიუ იორკში ბაზირებულმა პრეს-მდივანმა მარკ სემერმა განაცხადა: “ბროუთონისადმი ასეთი ვალდებულებები გაცემული არ იყო, საბჭო სამართლებრივად შეიცვალა, ახალი შემადგენლობა კი გაყიდვის ნახსენები შეთანხმების რატიფიცირებას არ ახდენს.”
თანამშრომლობის პირობები
მე მოვიპოვე ლივერპულის დირექტორთა საბჭოს Articles of Association (‘თანამშრომლობის პირობები’)-ის ასლი (დოკუმენტისა, რომელსაც გულისხმობს ბროუთონი, როდესაც ახსენებს ‘შეთანხმების მუხლებში ჩაწერილ პირობებს’) და მისი განხილვის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივი მდგომარეობა გაურკვეველია. ამის საჩვენებლად რამოდენიმე ძირითად საკითხს შევეხები და ჩემი დასკვნების მტკიცებულებებსაც წარმოვადგენ.
1. სამართლებრივად მართალია, რომ ბროუთონს მიღებული ჰქონდა საბჭოს შეცვლის უფლებამოსილება
AoA-ს პუნქტი 81:
“დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნულ ყოველ დირექტორს გააჩნია კომპანიაში ნებისმიერი დირექტორის დანიშვნისა და მოხსნის უფლება (ჯორჯ ნ. ჯილეტი უმცროსისა ან/და ტომას ო. ჰიქსის გარდა). ყოველი დანიშვნა ან მოხსნა მიმდინარე ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი ნებართვით უნდა იქნას შესრულებული.”
როგორც ხედავთ, ბროუთონი – ლივერპულის ხელმძღვანელი – ფლობს უფლებამოსილებას კომპანიაში ჰიქსისა და ჯილეტის გარდა ნებისმიერი დირექტორის დანიშვნისა ან მოხსნის თაობაზე. პუნქტი 83 შემდეგ განიხილავს დირექტორის შესაძლო მოხსნის მიზეზებს, 83 (g) კი კვლავ ახსენებს, რომ ხელმძღვანელს დირექტორთა მოხსნის უფლება აქვს.
თუმცა, AoA-ს შინაარსში არსად არაა ნათლად ნახსენები, რომ საბჭოს წევრების მოხსნა ექსკლუზიურად ხელმძღვანელის უფლებაა, ან რომ ის ჰიქსისა და ჯილეტის (როგორც საკონტროლო პაკეტის მფლობელების) უფლებამოსილებაზე მაღლა დგას. თუკი პუნქტი 83 იმისთვის იყო შეტანილი, რომ ბროუთონისათვის საბჭოს შემადგენლობის შეცვლის ექსკლუზიური უფლება მიეცა, ეს არასაკმარისად ნათლადაა გადმოცემული. ამან ჰიქსს ბროუთონის ძალაუფლების უარყოფის საფუძველი მისცა.
2. ჰქონდა თუ არა ჰიქსს პარსლოუს და ეირის მოხსნისა და საბჭოს შემადგენლობის შეცვლის უფლებამოსილება?
სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ ასეთი უფლებამოსილებისათვის საფუძველი შეიძლებოდა გაჩენილიყო. ამის სამ მეთოდს ვხედავ.
I. AoA-ს პუნქტი 71
“ყოველი დირექტორი უფლებამოსილია დანიშნოს
a. ნებისმიერი სხვა დირექტორი, ან
b. მფლობელი კომპანიის დირექტორი, მფლობელი კომპანიის შვილობილი კომპანიის დირექტორი, ან
c. ნებისმიერი სხვა პიროვნება, რომლის დანიშვნა დირექტორთა რეზოლუციით ან სხვა დირექტორთა უმრავლესობითაა დამტკიცებული
რომელიც გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს ალტერნატიული დირექტორის ფუნქცია, და გააჩნია უფლებამოსილება მოხსნას მის მიერ დამტკიცებული ალტერნატიული დირექტორი.”
აქედან გამომდინარე, ჰიქსს შეუძლია როგორც ალტერნატიული დირექტორების დანიშვნა, ისე მის მიერ დანიშნული ალტერნატიული დირექტორების მოხსნა (პარსლოუ და ეირი ჰიქსის მიერ იყვნენ დანიშნულები). ჰიქსს შეეძლო პუნქტი 71 (შესაძლოა არასწორად) გამოეყენებინა პარსლოუსა და ეირის მოსახსნელად და მათ ადგილას მისი ვაჟისა და მაქქათჩენის დასანიშნად. გამოთქვამენ  პარსლოუ და ეირი სურვილს, შეასრულონ ‘ალტერნატიული დირექტორების’ როლი? თუკი ასეა, ჰიქსს შესაძლოა მართლაც ჰქონოდა მათი გათავისუფლების უფლებამოსილება.
II. 2006 წლის ‘კომპანიათა აქტი’
2006 წლის ‘კომპანიათა აქტის’ დირექტორთა მოხსნის რეზოლუციის პუნქტი 168 ადგენს:
“(1) კომპანია უფლებამოსილია…გაათავისუფლოს დირექტორი მისი მუშაობის ვადის დასრულებამდე, მათ შორის შემდგარი ნებისმიერი შეთანხმების მიუხედავად.
(2) დირექტორის მოსახსნელად ან მის მაგივრად სხვის დასანიშნად საჭიროა რეზოლუციის სპეციალური შეტყობინება იმ შეხვედრაზე, რომელზეც ის მოხსნილი იქნა.
(3) თუკი დირექტორის გათავისუფლებით შექმნილი ვაკანსია მის გათავისუფლების შეხვედრაზე არ იქნა შევსებული, შესაძლოა ის მოგვიანებით შეივსოს, სტანდარტული ვაკანსიის მსგავსად.
(4) მოხსნილი დირექტორის ადგილას დანიშნული დირექტორი ფლობს იმავე უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებსს, რომლებსაც ფლობდა დირექტორი, რომლის ადგილზეც იგი დაინიშნა.”
ჰიქსს შეეძლო ამ პუნქტის გამოყენება პარსლოუსა და ეირის გასათავისუფლებლად. ის და ჯილეტი საკონტროლო პაკეტის მფლობელები არიან; პუნქტი 3 აცხადებს, რომ ახალი დირექტორები გათავისუფლებისთანავე შეიძლება დაინიშნონ, Slaughter and May-ს ოფისში გაგზავნილი ფაქსი კი, რომელიც მათ გათავისუფლებას იუწყებოდა, ‘სპეციალური შეტყობინების’ როლს ითამაშებს (პუნქტი 2).
III. სამართლებრივი გათავისუფლება
საბოლოო ჯამში პარსლოუ და ეირი ლივერპულის მუშაკები არიან. ჰიქსი და ჯილეტი კლუბს ფლობენ, ასე რომ – თეორიულად – მათ ნებისმიერის გათავისუფლება შეუძლიათ. თუკი პარსლოუ და ეირი გათავისუფლებული იქნებიან, ისინი რა თქმა უნდა დირექტორის როლების შესრულებას შეწყვეტენ. რატომ აირჩევდა ჰიქსი ამ გზას? მისთვის ნაკლებ ხარჯს წარმოადგენს ‘უსამართლო გათავისუფლების’ კომპენსაციის გადახდა, ვიდრე მრავალმილიონიანი ზარალი, რომელიც მათ კლუბის NESV (New England Sports Ventures)-ის მიერ შესყიდვის შემთხვევაში მიადგებათ.
ჰიქსის მიერ პარსლოუსა და ეირის გათავისუფლების საწინააღმდეგო პირდაპირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს. მას ‘გადამეტებული საზიანო ქმედების’ საკითხის დაყენებაც შეუძლია – აირი და პარსლოუ აშკარად მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და მის განზრახვებს წინ უდგებოდნენ, რაც შეიძლება ზემოთხსენებული კლასიფიკაციის საკითხი გახდეს (დარწმუნებული ვარ, ჰიქსის ადვოკატი სწორედ ამას შეეცდება). ბროუთონმა (ალბათ 81-ე პუნქტის გათვალისწინებით) სამართლებრივი კონსულტაციის შედეგად კლუბის გაყიდვის პროცესი განაგრძო, თუმცა ნახსენები პუნქტი ხელქვეითების გათავისუფლების უფლებას არ აუქმებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, AoA-ს შინაარსში არსადაა ნათლად ნახსენები, რომ ბროუთონის უფლება, დანიშნოს/მოხსნას დირექტორები, ექსკლუზიურია, ან მხოლოდ მას ეკუთვნის. სწორედ ამ პუნქტს შეუძლია, გაართულოს საქმე.
3. არის თუ არა RBS-ის მიმართ ჰიქსისა და ჯილეტის მიერ აღებული ვალდებულებები სამართლებრივი ძალის და შეუძლიათ თუ არა მათ მოახდინონ პირდაპირი გავლენა გაყიდვის პროცესზე?
ბროუთონის თქმით, ჰიქსმა და ჯილეტმა დადეს პირობა, არ შეეშალათ ხელი კლუბის შესყიდვის ობიექტურად დადებითი შემოთავაზების მიღებისათვის და ეს RBS-ისადმი მიწერილ ვალდებულებებშიცაა აღნიშნული. თუმცა, ეს ვალდებულება არაა ნახსენები AoA-ში და აქედან გამომდინარე, სამართლებრივ ძალას არ ფლობს.
შესაძლოა, არსებობდეს ცალკეული დოკუმენტი, რომელიც ამ პირობას აჩვენებს და შესაძლოა, ის კონტრაქტის ძალის მქონედ იქნას მიჩნეული, თუმცა ლივერპულის დირექტორთა საბჭოს შემთხვევაში მხოლოდ AoA ფლობს ასეთ ძალას.
AoA-ში რეგულარულადაა ნახსენები კანონით დადგენილი ნორმატივები, კონკრეტულად კი 1985/2006 წლების ‘კომპანიათა აქტი’. არცერთ ცალკეულ წერილობით ვალდებულებას არ აქვს ‘პარლამენტის აქტზე’ მეტი სამართლებრივი ძალა.
4. არის თუ არა NESV-ისადმი კლუბის მიყიდვის შეთანხმება ‘ობიექტურად დადებითი’?
NESV-ის მიერ კლუბის შესასყიდი შეთანხმების ფასი 300 მილიონია. ჰიქსს შეუძლია (და ალბათ ასეც იზამს) იდავოს, რომ ასეთი ფასი არ წარმოადგენს ‘ობიექტურად მისაღებს’. თუკი ლივერპული დამოუკიდებელი შეფასებით NESV-ის მიერ გადასახდელ თანხაზე მაღლა იქნება შეფასებული, მას შეუძლია, ეს გამოიყენოს იმის განსაცხადებლად, რომ კლუბი ზედმეტად იაფად იყიდება. 2007 წლის ‘კომპანიათა აქტის’ თანახმად კი ნებისმიერი დირექტორის ვალია, კომპანიის გაყიდვისათვის საუკეთესო ფასის შეთანხმება მიიღოს.
რა უნდა გაითვალისწინოს უზენაესმა სასამართლომ გაყიდვის ამ შეთანხმების სამართლებრივობის განხილვისას?
1. ჰქონდა თუ არა ჰიქსს პარსლოუსა და აირის გათავისუფლების სამართლებრივი უფლებამოსილება?
2. ჰქონდათ თუ არა მათ ორი ახალი დირექტორის დანიშვნის უფლება?
3. არის თუ არა ხელმძღვანელის უფლებამოსილება დირექტორთა დანიშვნის/მოხსნის თაობაზე (პუნქტი 83) ექსკლუზიური, რომელიც საკონტროლო პაკეტის მფლობელთა (ჰიქსისა  და ჯილეტის) უფლებამოსილებაზე მაღლა დგას?
4. ფლობს თუ არა ჰიქსისა და ჯილეტის მიერ RBS-ის მიმართ აღებული ვალდებულებები სამართლებრივ ძალას გაყიდვის შეთანხმების პირობებში?
5. არის თუ არა ლივერპულის გაყიდვის ნახსენები ფასი ‘ობიექტურად მისაღები’ (2007 წლის ‘კომპანიათა აქტის’ გათვალისწინებით)?
რისი მოხდენაა მოსალოდნელი?
ნამდვილად არაა გადაწყვეტილი საკითხი, რომ კლუბის გაყიდვის შეთანხმება დასრულდება და სრულებით შესაძლებელია, უზენაესმა სასამართლომ საკითხი ჰიქსისა და ჯილეტის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. თუკი ეს ასე მოხდება, მაგრამ ისინი RBS-ისათვის გადასახდელი ვალის ფულს ვერ იშოვნიან, მათი მფლობელი კომპანია – Kop Football Ltd – ადმინისტრირებაში გადავა. ამას RBS-ის მიერ კლუბის გაყიდვა მოჰყვება და შედეგი (ალბათ) ისევ იგივე იქნება: NESV კლუბის ახალი მფლობელის რანგში.
ყველაზე უარესი სცენარი შედგება, თუკი ჰიქსსა და ჯილეტს უკვე ნაშოვნი აქვთ რეფინანსირებისათვის საჭირო თანხები და სასამართლო მათ NESV-ის შეთანხმების გაუქმების უფლებას მისცემს – ეს შესაძლებლობა არ უნდა იქნას გამორიცხული.
თუკი უზენაესი სასამართლო საკითხს ჰიქსისა და ჯილეტის სასარგებლოდ გადაწყვეტს, პარსლოუსა და ეირის გათავისუფლება დამტკიცდება; ჰიქსის ახალი საბჭოს ორი წევრი დარჩება, რაც მას ხმათა უმრავლესობას მისცემს; ამის შემდეგ საბჭო NESV-ის შეთანხმებას გააუქმებს; RBS-ის ვალები რეფინანსირებული იქნება, ჰიქსი და ჯილეტი კი კიდევ გარკვეული პერიოდით დარჩებიან კლუბში, რათა უკეთესი შეთავაზება მიიღონ.
ამის მოხდენა არავის სურს და გულახდილად რომ ვთქვა, ვფიქრობ რომ არც მოხდება. 81-ე პუნქტი ალბათ ბროუთონის სასარგებლოდ იქნება ინტერპრეტირებული, იმის მიუხედავად, რომ ის არასაკმარისად ნათელია. თუმცა, კანონი ხანდახან არასწორად სჯის (!), ასე რომ ფანები ყველაზე უარესისათვის უნდა მოემზადონ…ყოველი შემთხვევისათვის.
წყარო: liverpool-kop.com
Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s