სტატია ისტორიიდან: პატრიკ ბერგერის სადებიუტო მატჩი ლივერპულში

ბერგერის ორ გოლს ლივერპულისათვის პრემიერ ლიგის ლიდერობა მოაქვს

ინდეპენდენტი, 16 სექტემბერი 1996
ფილ შოუ

პატრიკ ბერგერმა – ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასული ჩეხეთის ნაკრების გამორჩეულმა, თუმცა არც ისე სტაბილურმა მოთამაშემ – ინგლისურ ფეხბურთში მისი დებიუტი გუშინ ფილბერთ სთრითზე ორი გოლით აღნიშნა, რითაც ლივერპული პრემიერ ლიგის ლიდერის პოზიციაზე აიყვანა.

პრაღაში დაბადებულმა მაღალმა, ელეგანტურმა მოთამაშემ, რომელიც დორტმუნდის ბორუსიადან იქნა შეძენილი 3 მილიონ ფუნტად, ინერტული სტენ კოლიმორი შეცვალა თამაშის მეორე ნახევარში. ლესტერის დაცვის ხაზის ‘დახმარებით’ მან სარეზერვო თავდამსხმელზე გაცილებით მეტი როლი შეასრულა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამორჩეული თამაშისაგან განსხვავებით ლივერპულის გამოსვლა საშუალო დონის იყო.

ბერგერის გუშინდელი შედეგიანობა ნიშნავს, რომ მას ახლა ძირითად შემადგენლობაში საათზე ნაკლები დროის გატარების შემდეგ იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც კოლიმორმა და რობი ფაულერმა ერთად მოახერხეს. წინა სეზონში 55 გოლის გამტანი შემტევი დუეტის დამოკიდებულება ძმები გალაჰერებისას ჰგავს და იმან, რომ მათ თუნდაც ელემენტარული დონის ურთიერთქმედებაც ვერ აჩვენეს, პირდაპირ კავშირში იყო გუნდის მიერ პირველ ტაიმში ნაჩვენებ უსუსტეს თამაშთან.

პატრიკ ბერგერი 'ლესტერ სიტის' წინააღმდეგ

ლოგიკის მიხედვით ლესტერი იქამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაწინაურებულიყო, სანამ ლივერპულის თავდამსხმელების კომუნიკაციური უუნარობა აშკარა გახდებოდა. ემილ ჰესკიმ, რომელსაც თამაშის დაწყებიდან 35 წამში ნილ ლენონის გადაცემის შემდეგ თავურის შესრულების საშუალება მისცეს, დევიდ ჯეიმსის ჯობნა ვერ მოახერხა და მსგავსი შანსი გაუშვა ხელიდან ჯულიენ უოტსმაც, რომლის დარტყმული ხარიხას ზემოდან გადასცდა.

სპენსერ პრაიორის მიერ მიღებული ტრავმის შედეგად ლესტერს სწორად განლაგებული ოთხი მცველის სისტემაზე მოუხდა გადასვლა, თუმცა გუნდი ტაიმის მიწურულამდე მაინც ღირსეულად თამაშობდა. საიმონ გრეისონს შედეგიანი დარტყმის შესრულების საშუალება ჰქონდა, თუმცა ბურთის გასწორება ვერ მოახერხა, თამაშში კეისი კელერის ერთადერთი ჩართვა კი სტივ მაკმანამანის დარტყმის შემდეგ მოხდა.

ლესტერისათვის სამწუხაროდ, მატჩი სტენ კოლიმორისათვის მხოლოდ ერთი ტაიმით შემოიფარგლა. მის მაგივრად ბერგერის შემოსვლის შედეგად ლივერპულმა ენერგიის მოზღვავება იგრძნო და თამაშის დაწყებიდან 1 საათის გასვლის შემდეგ დაწინაურდა კიდეც. უოტსს, რომელიც დაცვითი ზონიდან დრიბლინგით გამოსვლას შეეცადა, ბურთი მაკმანამანმა აართვა და შეცვლაზე შემოსულ ჩეხს გადააწოდა, ამ უკანასკნელის უძლიერესმა დარტყმამ კი კელერს არავითარი შანსი არ დაუტოვა. თითქმის მაშინვე ამას ლესტერის ამერიკელის მეკარის მიერ მაიკლ თომასის 18-მეტრიანი დარტყმის გაშვება მოჰყვა. რამოდენიმე გამონაკლისის გარდა მასპინძლები სტატისტის როლს ასრულებდნენ და ფაულერს საგოლე გადაცემის გაკეთების საშუალებაც მისცეს მფრინავი ბერგერის მიმართულებით, რომლის ფეთქებადმა დარტყმამ ლივერპულის მესამე გოლი გააფორმა.

როი ევანსმა განაცხადა, რომ კოლიმორი ‘ტაქტიკური მიზეზით’ შეცვალა და ბერგერის შორ დარტყმებზე გააკეთა აქცენტი. “ამან ნამდვილად გაამართლა. სათადარიგოთა სკამზე შემოსვლის რამდენიმე მსურველი გვყავდა და პატრიკიც მათ შორის იყო. შემოსვლისთანავე მან ერთი დარტყმა განახორციელა, რომელიც დაბლოკეს, თუმცა ამ დარტყმამ შეტევა გამოაცოცხლა. რობი და სტენი იმდენად ცოცხლად ვერ თამაშობენ, როგორც შეუძლიათ და მოწინააღმდეგეთა დაცვითი ხაზიც დიდი მონდომებით ცდილობს მათ ჩაკეტვას.” – განაცხადა მწვრთნელმა.

გასულ სეზონში ლივერპულმა ეგრეთ წოდებულ ‘სუსტ გუნდებთან’ ზედმეტად დიდი რაოდენობის ქულა დაკარგა, ახლა კი ბოლო ორ გასვლით მატჩში მათ ქოვენთრი და ლესტერი დაამარცხეს და თუკი სწორია გამოთქმა, რომ ‘სუსტად თამაშის დროს მოგებული მატჩი ჩემპიონის ნიშანია’, ევანსს შეუძლია, მშვიდად იყოს.

გოლები: ბერგერი (59) 0-1; თომასი (61) 0-2; ბერგერი (77) 0-3.

ლესტერ სიტი (3-5-2): კელერი; ფრაიორი (პარკერი 10), უოტსი (მარშალი 71), უოლში; გრეისონი, იზეთი, ლენონი, ტეილორი, უითლოუ; კლარიჯი, ჰესკი. გამოუყენებელი შეცვლები: რობინსი, ლოურენსი, ფული.

ლივერპული (3-4-1-2): ჯეიმსი; რაითი, მატეო, ბაბი; მაკატირი, თომასი, ბერნსი, ბიორნბი; მაკმანამანი; ფაულერი, კოლიმორი (ბერგერი, ცვლილება შესვენებაზე). გამოუყენებელი შეცვლები: რადოკი, რედნაპი, ჯოუნსი, უორნერი.

არბიტრი: ფ. დარქინი. მაყურებელი: 20,987.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ბერგერი.

ლესტერის მეკარე კეისი კელერი ბერგერის გოლების შესახებ:
“არასდროს მინახავს, ბურთს ასეთი ძალით ეფრინა. კიდევ კარგი, მათ ტრაექტორიაზე არ ვიდექი, თორემ კარში აღმოვჩნდებოდი.”

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s