ინტერვიუ საფეხბურთო სტრატეგიის დირექტორთან დამიენ კომოლისთან

ლივერპულის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 15 ნოემბერს გამართა ინტერვიუ კლუბის ახალი მფლობელების მიერ დანიშნულ საფეხბურთო სტრატეგიის დირექტორთან, დამიენ კომოლისთან (Damien Comolli). კომოლის თანამდებობა ლივერპულისათვის სიახლეა – მსგავსი ფუნქცია კლუბში არ არსებობდა – აქედან გამომდინარე, საინტერესოა იმ ადამიანის ხედვასთან გაცნობა, რომელმაც ახლო და პოზიტიური თანამშრომლობა უნდა დაამყაროს კლუბის მთავარ მწვრთნელთან. ქვემოთ მოცემულია ამონარიდები კომოლისთან ინტერვიუდან.

დამიენ კომოლი – პირველი ინტერვიუ

15 ნოემბერი 2010

“დამიენ, რას ითვალისწინებს საფეხბურთო სტრატეგიის დირექტორის თანამდებობა?

ეს ნიშნავს, რომ მე კლუბის უშუალოდ საფეხბურთო საკითხებს მივხედავ – ნაწილობრივ ან სრულად. არის გარკვეული სფეროები, რომლებშიც მეტად ვიქნები ჩაბმული. ჩემთვის ამ თანამდებობის განმარტებაში ძირითადი სიტყვა ‘სტრატეგიაა’ – ჩემთვის სტრატეგია მომავალს ნიშნავს და აქედან გამომდინარე ვეცდები, ნათელი იყოს სამომავლო გეგმები და ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ვაპირებთ კლუბის საკეთილდღეოდ.

დამიენ კომოლი როი ჰოჯსონთან ერთად | ფოტო: lfc.tv

რა საკითხებში იქნებით ჩაბმული ყოველდღიურად?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი საქმიანობა ყველა უშუალოდ საფეხბურთო საკითხს შეეხება – ყოველდღიური შეხვედრები როისთან [ჰოჯსონთან], ზოგჯერ დღეში ორ-სამჯერ; ასევე კავშირი საფეხბურთო მეცნიერების განყოფილებასთან და მთავარ ექიმთან, ვიდეო ანალიტიკოსებთან, აკადემიის წარმომადგენლებთან, სკაუტებთან.

რას მოიცავს თქვენი ახლო და შორი მომავლის გეგმები?

ახლო მომავლის ხედვა უახლოეს, ან ორ უახლოეს სატრანსფერო პერიოდს შეეხება. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისათვის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე კვირა გვაქვს, თუმცა ზაფხულის პერიოდზეც ვფიქრობთ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მომავალი სეზონისწინა პერიოდი, აკადემიის განვითარება, ინგლისსა და ევროპაში ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის თვალის მიდევნება შედის. ჩემი სამუშაოს ერთ-ერთი სასიამოვნო დეტალი ისაა, რომ როგორც ახლო, ისე შორი მომავლის გეგმებზე მუშაობა გიწევთ.

რამდენად ახლო კავშირის დამყარებას აპირებთ როი ჰოჯსონთან?

ჩვენ უკვე კარგი ურთიერთობა გვაქვს მოყოლებული იმ პერიოდიდან, როდესაც მე ტოტენჰემ ჰოტსპურზში ვმუშაობდი, ის კი ფინეთისა და ფულემის მწვრთნელი იყო. ლივერპულში ჩემი მოსვლიდან დაწყებული ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე – არა მხოლოდ სატრანფერო ფანჯარასა და სკაუტინგზე, არამედ ყველაფერზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ჩვენ საკითხებზე მსგავსი ხედვა გაგვაჩნია და ჯერჯერობით ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს.

ვისი გადასაწყვეტი იქნება მოთამაშეების შეძენის საკითხი?

ეს თემა ხანდახან რთული გასარკვევი ხდება ხოლმე და შევეცდები, ნათლად გადმოვცე საკითხის შინაარსი. როგორც ჯონ ჰენრიმ [ლივერპულის მფლობელი] განაცხადა, მოთამაშეების შეძენა ჩვენს შორის კონსენსუსის შედეგად მოხდება. სამივენი ასე ვხედავთ ამ საკითხს. მწვრთნელის გადაწყვეტილება და მისი აზრი მოთამაშეზე უმნიშვნელოვანესია. არასდროს ვცდილობ იმ მოთამაშის შეძენას, რომელიც მწვრთნელს არ სურს – ამაში არავითარი აზრი არ დევს. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ფეხბურთელის მოყვანით ფულს ფლანგავთ. ასე ვმუშაობდი ყოველთვის და ასე იქნება როისთანაც.

ინგლისში არსებობს აზრი, რომ საფეხბურთო დირექტორის როლი აქ არ მუშაობს. რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ?

მოკლედ გეტყვით – შეხედეთ რა გააკეთა ფრენკ არნესენმა ჩელსიში, გაითვალისწინეთ მათ მიერ მოგებული ჯილდოები და ყველაფერი ნათელი ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ მე ტოტენჰემში მისი თანამდებობა დავიკავე, იქაც აშკარა იყო, რამდენად კარგად იმუშავა მან. სპურზის ახლანდელ წარმატებაშიც დიდია მისი როლი. საფეხბურთო დირექტორის თანამდებობა აქვთ ვესტ ბრომვიჩშიც და იქაც წარმატებით იყენებენ ამ მოდელს. მგონია, რომ ეს საკითხი არა ქვეყანაზე, არამედ ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს კლუბში მომუშავე ადამიანები კარგ კავშირს დაამყარებენ და კლუბს წარმატებას მოუტანენ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ NESV [კლუბის მფლობელი კომპანია] მოთამაშეების შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას აქტიურად იყენებს მათ სტატისტიკურ მონაცემებს. თქვენც იზიარებთ ამ მეთოდს?

ნამდვილად ასეა. ამ მეთოდის ღრმად მწამს. უარყოფითად ვუყურებ შემთხვევებს, როდესაც მოთამაშის მოყვანაზე გადაწყვეტლების მიღება გიწევთ, მაგრამ ამას ბრმად აკეთებთ. იმ თანხების გათვალისწინებით, რომლებიც დღესდღეობით იხარჯება მოთამაშეებსა და მათ ხელფასებზე, აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ მონაცემების მაქსიმალურად ფართო სპექტრი. ერთია მოთამაშის ხილვა და იმის გადაწყვეტა, რომ მისი თამაში მოგწონთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რა დონის ლიგაში თამაშობს ის და შეძლებს თუ არა ის მაღალი დონის ლიგასა და ლივერპულის მსგავს კლუბში იგივეს გაკეთებას, ან შეძლებს თუ არა ის პრემიერ ლიგასთან ადაპტირებას. ყოველგვარი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება არ ნიშნავს, რომ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ეს ნამდვილად იმის ნიშანი იქნება, რომ სწორად ვუდგებით მოთამაშის აყვანის საკითხს.

წყარო: liverpoolfc.tv

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s