გარდიანი ჰოჯსონისა და წამყვანი მოთამაშეების სიტუაციაზე

ქვემოთ მოცემულია სრული თარგმანი გარდიანის გუშინდელი სტატიისა, რომელიც შეეხებოდა როი ჰოჯსონის გათავისუფლების შანსებსა და ლივერპულის წამყვანი მოთამაშეების პირობებს კლუბში დასარჩენად.

როი ჰოჯსონის გათავისუფლება ლივერპულის ესპანელი ვარსკვლავების დასარჩენად საკმარისი არ იქნება

* ტორესსა და რეინას ცნობილი მწვრთნელის ხილვა სურთ
* მათ მოთხოვნებში შედის ტრანსფერებისათვის თანხების გამოყოფაც

სიდ ლოუ მადრიდიდან, ენდი ჰანტერი
გარდიანი, 6 იანვარი 2011

როი ჰოჯსონი | ფოტო: Press Association Images

ლივერპულის ახალი მფლობელები გაფრთხილებულები არიან, რომ წამყვანი მოთამაშეების – ფერნანდო ტორესისა და პეპე რეინას ჩათვლით – შესანარჩუნებლად შესაძლოა როი ჰოჯსონის გათავისუფლებაც კი არ აღმოჩნდეს საკმარისი. მწვრთნელის მიერ კლუბის დატოვება გარდაუვალი ჩანს, ზემოთხსენებული ესპანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წასვლას არ გეგმავენ, თუმცა კლუბის მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილების გამო ისინი ამ გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებენ, თუკი ახალი მწვრთნელის მუშაობა და სატრანსფერო ინვესტიცია მათ დარჩენაში არ დაარწმუნებს.

კლუბის მფლობელებს – ჯონ ჰენრისა და ტომ ვერნერს – რთული გადაწყვეტილება აქვთ მისაღები, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. წამყვანი მოთამაშეების ნაწილისათვის ჰოჯსონის გათავისუფლება სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მწვრთნელის დარჩენა აუცილებლად გამოიწვევს ზაფხულში მოთამაშეების დაკარგვას, შესაძლოა არც მისი გაშვება გახდეს საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნების გარანტია. წინა ზაფხულს სტივენ ჯერარდის, ტორესისა და რეინას პოტენციური ტრანსფერები ლივერპულის გაყიდვის პროცესის გამო დაიბლოკა, თუმცა წელს იგივეს გაკეთება ძნელი იქნება. კლუბმა მაშინ მათზე ისეთი თანხა დააწესა, რომელიც ნიშნავდა – “ისინი არ იყიდებიან”; ამასთან ერთად მოხდა მათი დარწმუნება გუნდის მაღალ ამბიციებზე; დიდი იმედები დამყარდა ახალ მფლობელებზე და მასშტაბურ ინვესტიციაზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მოლოდინი შესრულდა.

მოთამაშეების დარჩენისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გუნდში ცნობილი და მაღალი შედეგების მიღწევის რეპუტაციის მქონე მწვრთნელის მოსვლა იქნება. დიდიე დეშამმა, რომელთანაც ზაფხულში უკვე მიმდინარეობდა გასაუბრება და პირველ კანდიდატად მოიაზრება, გუშინ ასეთი ვარიანტი გამორიცხა. მარსელის მწვრთნელმა განაცხადა: “როდესაც ვამბობ, რომ მარსელის ახალ სტადიონზე გადასვლისას კლუბის მწვრთნელობას ვაპირებ, სწორედ ამას ვგულისხმობ. ასეთია ჩემი სამომავლო იდეა. 2014 ჩვენს პროფესიაში შორ მომავლად ითვლება, თუმცა უკვე მითქვამს, რომ გაქცევას არ ვაპირებ და ეს შარშანაც გამოჩნდა.”

ანფილდზე კლუბის წამყვანი სახეები უკმაყოფილონი არიან ახალი მფლობელების მიერ გუნდის ოქტომბრის შუაში შეძენიდან გასული დროის განმავლობაში გამოჩენილი პასიურობით. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს სატრანსფერო ფანჯრის ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარე პერიოდიც – ერთადერთი რეალური ინფორმაცია ლივერპულის მიერ ტოტენჰემის მცველის ვედრან ჩორლუკას ვარიანტის განხილვაა. მოთამაშეები თვლიან, რომ დაპირებები წარსულში უკვე იქნა დარღვეული და არ სურთ კიდევ ერთი არადამაკმაყოფილებელი და გაურკვევლობით სავსე სეზონის პერსპექტივაში მოხვედრა.

მათი შესაძლო სატრანსფერო მიმართულებები უკვე განხილვის ფაზაშია, თუმცა ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ჯერარდის, ტორესის, რეინასა და დირკ კიუიტისათვის მიღებული შემოთავაზებების ავტორი კლუბები შესაძლოა, აღარ იყვნენ მათით დაინტერესებულნი და კლუბის მიერ მიუღებელი იქნება მათი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის ვარიანტის განხილვაც.

ჰოჯსონმა ბლექბერნთან 1-3 დამარცხების შემდეგ მისი გათავისუფლების ვარიანტის განხილვაზე უარი განაცხადა: “ამ წუთას ჩემს მომავალზე საუბარი არ შემიძლია. საკმარისად გულდაწყვეტილი ვარ შედეგითა და ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით და ჩემს მდგომარეობაზე საუბრისთვის არ მოვსულვარ. ვერაფერს განგიცხადებთ და ვერც ამ თემაზე გაკეთებულ კითხვებს ვუპასუხებ.” ამას კლუბის კომუნიკაციების დირექტორის მიერ პრეს-კონფერენციის დასრულება მოჰყვა და არც მფლობელების მხრიდან ყოფილა რაიმე მინიშნება მწვრთნელის გათავისუფლების მზადყოფნაზე კვირას მანჩესტერ იუნაიტედთან ასოციაციის თასის მესამე რაუნდის მატჩამდე.

თუმცა ანფილდზე ჰოჯსონის დღეები დათვლილია. მას უკვე დაუპირისპირდნენ გულშემატკივრები – გუშინ კლუბის სავარჯიშო ბაზა გრაფიტის წარწერებით იყო გაფორმებული – და იზრდება ზეწოლა მისი შეცვლის გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მხრივ რაიმე წინსვლას ანფილდზე აღმასრულებელი შეფის არყოფნა და კლუბის მფლობელი კომპანიის შეერთებულ შტატებში ბაზირება უშლის ხელს. შობის პერიოდის განმავლობაში კლუბის სამომავლო გეგმებზე საუბრის შესაძლებლობებიც შეზღუდული იყო. მწვრთნელის როლის დაკავება ზაფხულში, ჰოჯსონის დანიშვნამდე, კენი დალგლიშს სურდა, რომელიც ახლა კლუბის ელჩის როლში მუშაობს. ის კვლავაც მონდომებულია, დაიკავოს მწვრთნელის თანამდებობა, თუმცა მიმდინარე პერიოდში რაიმე გადამჭრელი ნაბიჯის გადადგმას ყველა ერიდება, რაც გაურკვევლობას კიდევ უფრო აძლიერებს. მდგომარეობას წამყვანი მოთამაშეები დაკვირვებით ადევნებენ თვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s