იუნაიტედი 1 ლივერპული 0 (ასოციაციის თასი)

“Dal-glish!”, “Dal-glish!” – ოლდ ტრაფორდზე ჩასული 9,000 სკაუსერის ძახილს ამჯერად ისტორიული კონტექსტი არ ჰქონდა. კენი დალგლიში ლივერპულის მწვრთნელის როლში მეორე პერიოდს იწყებს და გუშინ ამ პერიოდის პირველი მატჩი მას იმ გუნდთან მოუწია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ დამარცხდა მიმდინარე სეზონში. ამის – და შედეგის – მიუხედავად, კენის მიერ არჩეულმა და მოტივირებულმა შემადგენლობამ ისეთი მატჩი ჩაატარა, რომელიც სამომავლო იმედებს იძლევა.

სასტარტო შემადგენლობა:

რეინა
კელი, შკრტელი, აგერი, აურელიო
კიუიტი, მეირელეში, ლუკაში, მაქსი
ჯერარდი
ტორესი

პირველი თვალშისაცემი სიახლე შკრტელიაგერის დაცვითი დუეტი იყო. როგორც რაფაელ ბენიტესი, ისე როი ჰოჯსონი ასეთი ცენტრალური კომბინაციის გამოყვანას ერიდებოდა და კარაგერის არყოფნის შემთხვევაშიც კი კირიაკოსის შეწყვილების ვარიანტს მიმართავდა, თუმცა დალგლიშმა პირველივე მატჩში გადაწყვიტა დანიელი და სლოვაკი მცველების ერთად დაყენება და უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში ლივერპულის დაცვით თამაშს შეცდომების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა წელს ტრადიციად ქცეული ჩაგდებული მატჩებისგან მნიშვნელოვანი პროგრესი შეიმჩნეოდა.

რადგან დაცვის თამაშს შევეხე, გაშვებული გოლი უნდა ვახსენო. თამაშში 2 წუთი იყო გასული, როდესაც დიმიტარ ბერბატოვმა საჯარიმოში მოხვედრის შემდეგ აგერთან თამაშში კლასიკური სიმულაცია წარმოადგინა და ჰოვარდ უებს მორიგი აშკარა და მიუღებელი შეცდომა დააშვებინა ინგლისის ორი უდიდესი გუნდის დაპირისპირების მატჩში. პენალტი გიგსმა შეასრულა, რომელიც შემდეგ მთელი მატჩის განმავლობაში მარტინ კელის წინააღმდეგ თამაშობდა და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ამ უკანასკნელის მზადყოფნა დიდი მატჩებისათვის – უშეცდომო არ ყოფილა, თუმცა ასეთ მატჩშიც კი ჯონსონზე გაცილებით საიმედო ჩანდა და დაცვითი რგოლის დალაგების შემდეგ მისმა აქა-იქ დაშვებული შეცდომების რაოდენობამაც უნდა იკლოს. კელის საპირისპიროდ, იმედგაცრუება იყო ჯერარდი, უფრო სწორედ მისი საქციელი 32-ე წუთზე, როდესაც მისი აბსოლუტურად გაუმართლებელი ვარდნა კარიკზე სამართლიანად იქნა ‘დასაჩუქრებული’ წითელი ბარათით. ჯერარდს მსგავსი საქციელი 20-25 წლის ასაკში ახასიათებდა ლივერპულის პრინციპულ მოწინააღმდეგეებთან მატჩებში, თუმცა გამოცდილების და ასაკის გათვალისწინებით, ასეთი შეცდომები ახლა აღარ შეიძლება გამართლებული იყოს.

მატჩის დანარჩენი ნაწილი ძირითადად იუნაიტედის შეტევებში მიდიოდა, რაც მერსისაიდელების რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენიდან და მათი თავდასხმის ინერტულობიდან გამომდინარეობდა – ტორესი გუშინაც დემოტივირებული იყო, თუმცა ამჯერად შეიძლება ამის ნაწილობრივ ახსნა უსამართლო პენალტისა და კაპიტნის გაძევების ხილვით. ამის მიუხედავად, დალგლიში არ მოერიდა მის შეცვლას 77-ე წუთზე. ცვლილებების ხსენებისას არ შეიძლება არ აღინიშნოს ბაბელის თამაში – ხელშესახები შედეგი მის გამოსვლას არც ამჯერად მოჰყოლია, თუმცა პირადად ჩემთვის აშკარა იყო გაზრდილი მოტივაცია მიმდინარე სეზონის მთელ გასულ პერიოდთან შედარებით – მისი მონდომება და ბრძოლის სურვილი ე.წ. body language-ში იკითხებოდა. ყველაზე სასიხარულო ჩემთვის მეირელეშის მორიგი სამაგალითო მატჩი იყო – უზუსტესი პასები, მოძრაობა და საჭირო მომენტებში გამოჩენილი ტექნიკური დონე ამჯერადაც თან ახლდა მის გამოსვლას. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ის ლივერპულის ნახევარდაცვის ცენტრში გუნდის მექანიზმის დალაგებისა და გამართულად ამოქმედების შემდეგ. სრულებით შესაძლებელია, რომ ალონსოს (რომელმაც გუშინ დალგლიშს საკუთარ ტვიტერზე გამოჩენილ სასიამოვნო შეტყობინებაში წარმატებები უსურვა) წასვლის მიერ გაჩენილი ნაპრალი ნახევარდაცვაში სრულად იქნას ამოვსებული.

საერთო ჯამში შესაძლებელია მატჩიდან ორი რამ აღინიშნოს:

ფაქტი: გუშინდელი თამაში ლივერპულის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები მძიმე სანახაობისგან მკვეთრად განსხვავდებოდა – 94-დან 92 წუთის განმავლობაში 0-1 ანგარიშით (ისევე, როგორც აბსურდული პენალტისგან მიღებული მორალური დარტყმით) და 62 წუთის განმავლობაში კაცნაკლული შემადგენლობით თამაშის მიუხედავად, მატჩის შედეგი ბოლო წუთამდე არ იყო ცნობილი. დრო აჩვენებს, ეს დალგლიშის მიერ 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგი იყო თუ შემთხვევითობა;

კითხვა: ჰოვარდ უების მსაჯობა იუნაიტედილივერპულის მატჩებზე – ამ შეხვედრებში მისი ცალსახა და აშკარა შეცდომების სია უკვე სოლიდურ სახეს იღებს და იმის მიუხედავად, რომ მისი მიკერძოებულობაში დადანაშაულებისთვის საფუძველი არ არსებობს (თუმცა არა ბაბელისთვის, რომელმაც გუშინ ტვიტერზე იუნაიტედის მაისურში ‘ჩაცმული’ უების სურათი გამოაქვეყნა და შესაძლოა ამის გამო სასჯელიც მიიღოს), აშკარაა, რომ მისი შეცდომების გამო ინგლისის ყველა დროის მთავარი დაპირისპირების მორიგი გაფუჭებული მატჩი ვიხილეთ და ასე გაგრძელება არ შეიძლება.

Advertisements

3 Comments on “იუნაიტედი 1 ლივერპული 0 (ასოციაციის თასი)”

  1. prodigycow ამბობს:

    კელი უკვე ძირითადის კაცია
    თანაც შეტევაშიც კარგად ერთვებოდა. ერთი ეგაა, რომ ბოლომდე ვერ ბედავდა აქტიურობას და ერთ მომენტში, როცა უფრო ღრმად აღარ შევიდა შეტევაში, კომენტატორმა თქვა, ჯერ არ ჰყოფნის გამბედაობაო. მაგრამ ეგ დროსთან ერთად გამოსწორდება.
    კენი კიდე დიდ მუხტს მოიტანს. წესით გუნდს სწრაფად უნდა დაეტყოს მისი ხელი.

  2. Tornike ამბობს:

    ჰო, მუხტი უკვე შესამჩნევია, ოღონდ იმედია მუხტთან ერთად პირდაპირ გავლენასაც მოიტანს თამაშზე, თორემ მუხტი სულ ასეთი არ იქნება, როგორც ამ პირველ კვირებში.

  3. mukhli25 ამბობს:

    ფერგიუსონი მაფიოზია თუ გუნდის მწვრთნელი?
    ყველგან მაგის გრძელი ხელები ჩანს


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s