რაულ მეირელეში, როგორც ახლად ნაპოვნი მესამე ელემენტი

თუკი ვისაუბრებთ შეტევაზე, როგორც გუნდის შედეგიანობის მთავარ ფაქტორზე, საკმაოდ საინტერესო ტენდენციას აღმოვაჩენთ უკანასკნელი 8 წელიწადის განმავლობაში ლივერპულის მიერ მიღწეულ შედეგებსა და კლუბის შეტევის წამყვან ფიგურებს შორის.

სტივ ჯერარდის მნიშვნელობა ლივერპულის შემტევი თამაშისათვის ფართოდაა ცნობილი. იმდენად, რომ მას ხშირად გუნდის ერთადერთ მამოძრავებელ ძალასაც უწოდებენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს აზრი სიმართლისაგან არც ისე შორს იყო – ჟერარ ულიეს ბოლო ორ სეზონში ჯერარდის თამაში ფარავდა როგორც ‘შავ სამუშაოს’ და შორი გადაცემების საწყის პოზიციებს ცენტრალურ ზონაში, ისე ე.წ. ‘ბოლო მესამედს’, მოკლე და საშუალო პასებითა და საჯარიმოში შესვლით. სამწუხაროდ, ნახსენები სამუშაოს შესრულების ფენომენალურ დონეს კლუბში ვერავინ უახლოვდებოდა, რაც გუნდური თამაშისა და სტივის ტრავმის შემთხვევაში გუნდის დაზღვევის მხრივ დიდი პრობლემა იყო. ასე ხდებოდა ბენიტესის პირველ სეზონშიც.

შემთხვევა 1: ჯერარდი

ბენიტესმა 2004 წლის ზაფხულში ნახევარდაცვის ორი მოთამაშე (ალონსო და ლუის გარსია) შეიძინა. ალონსომ ადგილი ცენტრში დაიკავა და სხვადასხვა მანძილისა და მიმართულების პასების როლი შეითავსა, ლუის გარსია კი საჯარიმოს წინ იქნა განთავსებული, პერიოდულად ფლანგებზე გამოჩენასთან ერთად. ბენიტესი ჯერარდის ადგილს თითქმის დამხმარე თავდამსხმელის როლში ხედავდა და ამან დადებითი შედეგიც მოიტანა – კაპიტანმა უმნიშვნელოვანესი გოლები სწორედ ცენტრიდან წინ წაწეული პოზიციიდან გაიტანა. თუმცა, ალონსოს დრო დასჭირდა, რათა პრემიერ ლიგის ფიზიკური თამაშის პირობებს მიჩვეოდა და გადაწყვეტილების ნელა მიღების გამო ბურთი ნაკლებად დაეკარგა, ლუის გარსია კი არც ისე სტაბილური იყო, რომ შეტევით როლში ჯერარდის მნიშვნელობასთან მიახლოვებული როლი შეესრულებინა. ამის გამო, კლუბის 8 ნომერის დატვირთვა 2004-05 სეზონის განმავლობაშიც განსაკუთრებული იყო და მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე მისმა თამაშმა ლივერპულის წარმატება განაპირობა, თუმცა პრემიერ ლიგაში ასეთი მდგომარეობა მხოლოდ მე-5 ადგილისათვის აღმოჩნდა საკმარისი. აშკარა იყო, რომ კლუბს ისევ ჯერარდი ‘მიათრევდა’.

შემთხვევა 2: ჯერარდი + ტორესი

2005-06 სეზონში გამოსწორდა შედეგი ინგლისის ჩემპიონატში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე საპირისპირო შედეგი დადგა ბენფიკასთან ჩაგდებულ მერვედფინალში. ჯერარდმა ნახევარმცველისათვის ფენომენალური 23 გოლი შეაგდო ყველა ტურნირის ჯამში, რაც ერთი მხრივ მის დონეზე მეტყველებდა, თუმცა მეორე მხრივ, კლუბის მინუსი იყო, რადგან ამ შედეგს გუნდის ვერცერთი თავდამსხმელი ვერ მიუახლოვდა. თავდამსხმელების პრობლემა 2006-07 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ჩანდა, პრემიერ ლიგაში კი დაფიქსირდა კიდევ ერთი უზარმაზარი სხვაობა გამარჯვებულთან – ამჯერად 21 ქულა.

ფერნანდო ტორესი, სტივ ჯერარდი

ბენიტესმა 2007-08 სეზონისათვის ტორესი მოიყვანა, რამაც შეტევის ხაზში სიტუაცია კარდინალურად შეცვალა და სტანდარტი მანამდე არარსებულ დონემდე აწია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სხვა ფაქტორი – პირველად მაიკლ ოუენის წასვლის შემდეგ ჯერარდს შეტევაში შესაფერისი პარტნიორი გამოუჩნდა. ჯერარდი-ტორესის დუეტზე დაიწერა უამრავი სტატია და გამოვიდა ასევე ურიცხვი ვიდეო-კომპილაცია. სიტუაცია, როდესაც ჯერარდი დაცვის ხაზში შევარდნილ ტორესს მეკარესთან გამყვან გადაცემას უკეთებდა, უამრავი კლუბისათვის აღმოჩნდა ფატალური.

შემთხვევა 3: ალონსო + ჯერარდი + ტორესი

შემტევ მოთამაშეთა ჯგუფის ჩამოყალიბების ტენდენციაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ 2008-09 სეზონში, რომელიც, როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე ჩემი აზრით კლუბის მიერ ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, საუკეთესო იყო ბენიტესის მუშაობის განმავლობაში. აღნიშნულში უმნიშვნელოვანესი გამოდგა ალონსოს მიერ საუკეთესო ფორმაში შესვლა – მის დირიჟორულ თამაშს ახლა ფიზიკური გამძლეობაც დაემატა და კაპიტნის ენერგიასა და 9 ნომრის ბომბარდირულ გამოსვლებთან ერთად ის სამეული შეადგინა, რომელმაც გუნდი ინგლისის ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ბოლო ტურებამდე მიიყვანა, ჩემპიონთა ლიგაში კი – მადრიდის რეალის ორი მატჩის ჯამში 5-0 განადგურების შემდეგ – მხოლოდ ანფილდზე ჩელსისთან ჩაგდებული თამაშის გამო გამოთიშა მეოთხედფინალს. თუმცა 2008-09 კიდევ უფრო განსაკუთრებული სხვა რამით იყო – სეზონის მეორე ნახევრის განმავლობაში ლივერპული ყველაზე შემტევ, ყველაზე აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა მთელი იმ 13 წლის განმავლობაში, რაც ამ გუნდისათვის თვალი მიდევნებია. მოძრაობის ტემპს, პასების მრავალფეროვნებას და ენერგიას თითქმის ვერცერთი გუნდის დაცვა ვერ უძლებდა. წითლების იერიშების ყურება უდიდეს ემოციას იწვევდა. და რომ არა იანვარში პრემიერ ლიგაში სუსტ გუნდებთან რამდენიმე მატჩში დაკარგული ქულები, ეს თამაში დიდი ალბათობით დაჯილდოვდებოდა პირველი ჩემპიონობით 1990 წლის შემდეგ.

წამყვანი სამეულისათვის ახალი, თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეების დამატებით გუნდის თამაშს დიდი პერსპექტივა ესახებოდა, თუმცა ბენიტესთან კონფლიქტის შედეგად ალონსომ მერსისაიდი დატოვა და ბირთვიც დაიშალა. 2009-10 სეზონი კატასტროფული გამოდგა და აშკარად გამოჩნდა ესპანელი მაესტროს მნიშვნელობა გუნდის შეტევის ორგანიზებაში.

ახალი მესამე ელემენტი?

ფერნანდო ტორესი, სტივ ჯერარდი, რაულ მეირელეში ფულემთან

მიმდინარე, 2010-11 სეზონი ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის შეცვლის ამბებით დაიწყო, რომელმაც ბუნებრივია, ნახევარდაცვის ნაკლებად გლობალური პრობლემები გადაფარა, თუმცა დაიწყო სეზონი და მასთან ერთად, პრობლემებიც მოედანზე, თითქმის ყველა ზონაში, თუმცა არა ერთი მოთამაშის გამოსვლებში – შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა ჰოჯსონის გამჭრიახობა პორტუდან რაულ მეირელეშის ტრანსფერში. მოძრაობისა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, მოედნის ხედვა, გადაცემების სიზუსტე, მშვენიერი დარტყმა ყოველგვარ იმედს იძლეოდა და როგორც ჩვენს ბლოგზე, ისე სხვა ბევრ ვებ-გვერდსა და ფორუმზე იპოვნიდით მის საქებარ სიტყვებს. ის, რომ მისი ამ დონის თამაში შემთხვევითობა არ იყო, კიდევ უფრო ნათლად დალგლიშის მიმდინარე პერიოდში გამოჩნდა – ლივერპულის შეტევა ყველაზე მეტად მეირელეშის მოძრაობას მიყვება, მოთამაშეები სწორედ მისთვის ცდილობენ შეტევის განვითარების ვარიანტების შეთავაზებას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის ჯერარდსა და ტორესზე არანაკლებ იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე. კენის მოსვლის შემდეგ ჩატარებული 5 თამაშის შედეგად მეირელეშს 2 გოლი და 1 საგოლე პასი დაუგროვდა, სხვა საგოლე მომენტების შექმნასთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთის შედეგად გუშინ ფულემთან გატანილი გოლი არასწორად განსჯილი თამაშგარეს გამო იქნა გაუქმებული. მეირელეში ამ ყველაფერს თითქოს მარტივად, დაუძაბავად ასრულებს და არც ეგოიზმის ნასახი ეტყობა მოედანზე ან მოედნის გარეთ. ერთი სიტყვით, ყველაფრით ჰგავს წამყვანი სამეულის ელემენტს. ახლა დალგლიშსა და ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, მოარგებენ თუ არა ამ სამეულს ახალ, საჭირო დონის მოთამაშეებს.

Advertisements

3 Comments on “რაულ მეირელეში, როგორც ახლად ნაპოვნი მესამე ელემენტი”

  1. niksologi ამბობს:

    მართალია გუნდში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა და ვერც სატურნირო ცხრილში მათი პოზიციაა მაინც და მაინც ლივერპულური, მაგრამ იმედია წლის ბოლომდე იმდენს მოახერხებენ რომ ლიგაზე გასვლის შანსი გაიჩალიჩონ.
    სიტის ნაცვლად სიამოვნებით ვიხილავდი მათ.

    • MC ამბობს:

      მეც მაქვს იმედი რომ ლივერპული დაბრუნდება,მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ მოგგვრის დიდ სიამოვნებას თუ სიტის მაგივრად იხილავ.თუ რათქმაუნდა ლივერპულის გულშემატკივარი არ ხარ.ყველანაირად და ყველა ასპექტში სიტი უფრო მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს.

      • niksologi ამბობს:

        სიმართლე გითხრა მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე.
        საერთოდ არსენალს ვგულშემატკივრობ.
        აი ტევესი (პროფესიონალიზმს რასაკვირველია არ ვუკარგავ) და ადებაიორი არიან ისინი ვინც ნამეტანი
        ა(ღა)რ მესიმპატიურებიან. ნუ ადებაიორი კი გადაბარგდა ესპანეთში უკვე, მაგრამ მიმიხვდი ალბათ რასაც ვგულისხმობ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s