ორი ტრანსფერის სხვადასხვა ეფექტი

თანამედროვე საფეხბურთო ტრანსფერების ფენომენი დიდი თემაა, რომელიც ბოსმანის შემთხვევიდან დღემდე განვითარებულ სატრანსფერო ბაზარს და მასში მონაწილე კლუბების მუშაობას მოიცავს. თუმცა ამჯერად ლივერპულში მომხდარი ორი კონკრეტული ტრანსფერის კონკრეტულ ეფექტზე მინდა დავწერო, თუმცა პირიქითა ქრონოლოგიით, რადგან პირველი შემთხვევა დადებითად შეიძლება შეფასდეს, მეორე კი – ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად.

დალგლიშის, კომოლისა და ამერიკელი მფლობელების მიერ ურუგვაელი სუარესის შეძენა – გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე – უკვე წარმატებული ჩანს. ყოფილი აიაქსელი მოედანზეც ყურადღების მიმქცევი ნარინჯისფერი ბუცებით გამოვიდა და თამაშითაც

ლუის სუარესი სტოუკთან გატანილ გოლს ზეიმობს | ფოტო: liverpoolfc.tv

დაიმსახურა ბრიტანული მედიის რეპორტიორების სტატიები. გარდიანის პოლ ჰეიუორდის სიტყვებით, “[..]ლუის სუარესმა უკვე შეიტანა თავისი წვლილი ლივერპულის მიერ ფერნანდო ტორესის დავიწყებაში.” სწორედ ამ შემთხვევაში გამოიხატება მისი ტრანსფერის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი. იმის ნაცვლად, რომ ექსპერტებს – პირველ რიგში კი გულშემატკივრებს – ტორესზე საუბარი გაეგრძელებინათ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში, მათი პირველადი სალაპარაკო ურუგვაელის მიერ 28 წუთის განმავლობაში ნაჩვენები სიმწვავე და თამაშის დამამშვიდებელი გოლია. ტორესის წასვლას კიდევ მიეძღვნება გადაცემები, თუმცა ახლა, როდესაც გუნდს ახალი სტარტი აქვს აღებული და სწრაფად სურს, გაარკვიოს (როგორც სხვების, ისე საკუთარი თავისათვის), რისი მიღწევა შეუძლია სეზონის ბოლომდე, წარსულზე საუბრის გაგრძელება ნახსენები სტარტის დინამიკას შეანელებს. დინამიკას, რომელმაც ლივერპულს გუშინ უკვე ზედიზედ მესამე თამაში მოაგებინა, ზედიზედ მესამე მშრალად შენახულ კართან ერთად. სუარესი გუნდის მომავალია და დღეს ყველა სკაუსერი ამ მომავალზე ფიქრებს უზიარებს ერთმანეთს.

ამის საპირისპიროდ, მხოლოდ უარყოფით რეაქციას იწვევს ტორესის წასვლის შემდეგ ანფილდის წინ ‘გულშემატკივრების’ მიერ 9 ნომრიანი მაისურის დაწვა. ‘გულშემატკივრები’ ბრჭყალებში განგებ ჩავსვი. ასეთი ხალხის ასეთი საქციელის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ფეხბურთელი კლუბის მიმართ არაპროვოცირებულ შეურაცხმყოფელ საქციელს ჩაიდენს, ან აშკარად გამოჩნდება მისი ტყუილი კლუბის ან ფანების მიმართ. ტორესი არცერთში არ ყოფილა მხილებული და ჩელსიში გადაბარგების შემდეგაც კი აღნიშნა, რომ ყოფილი კლუბის მიმართ მხოლოდ კარგის თქმა შეუძლია. თუმცა ეს ნახსენებ სუბიექტებს არ აინტერესებთ, რადგან მათ მეტად შეზღუდული აზროვნება აქვთ იმის გასაგებად, რომ ფეხბურთელს უფლება აქვს, ლივერპული სხვა კლუბზე გამოიცვალოს. ჩემთვის ტორესის ფორმის დამწველი ადამიანების შესახებ ფართო ინფორმაცია ცნობილი არაა, თუმცა ზოგადად ასეთი მენტალიტეტის ხალხია გაწევრიანებული Spirit of Shankly-ს ჯგუფში, რომელიც ცნობილია ხულიგნური და აზროვნებას მოკლებული საქციელით. ეს ადამიანები აყენებდნენ საჯარო შეურაცხყოფას კრისტიან პარსლოუს, სანამ ის – მარტინ ბროუთონთან და იან ეირთან ერთად – ჰიქსსა და ჯილეტს სასამართლო პროცესს მოუგებდა და კლუბს ახალ მფლობელებს გადაულოცავდა. სრულებით არ იქნება გასაკვირი, თუ სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლები წვავდნენ იმ მოთამაშის ფორმას, რომელმაც კლუბისთვის ამდენი გააკეთა 4 წლის განმავლობაში. საუბედუროდ – სხვადასხვა სოციალური მიზეზებიდან გამომდინარე – ასეთი ‘გულშემატკივრები’ ქალაქ ლივერპულში ძალიან დიდ წილს შეადგენენ. რამდენად თავშეკავებითა და პატივისცემითაც იქცევა კლუბი და მისი წარმომადგენლები სატრანსფერო ბაზარზე, ან პოზიციის დაფიქსირებამდე, იმდენად უზრდელ საქციელს აჩვენებენ ასეთი ინდივიდები. მართალია, მათ საქციელს სხვადასხვა ვებ-გვერდი აკრიტიკებს, თუმცა ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ უარყოფითი და სკანდალური საქციელი დადებითზე მეტად ჩანს.

Advertisements

3 Comments on “ორი ტრანსფერის სხვადასხვა ეფექტი”

  1. heltertheskelter ამბობს:

    ჩემი აზრით, მმართველობის ამერიკულ მიდგომასთან და მასთან დაკავშირებულ ხრიკებთან გვაქვს საქმე. მხედველობაში მაქვს ის, რომ ტრანსფერების ესეთი გადათამაშება პირველ რიგში სახელის, გამოხმაურების, და გულშემატკივრების გულის მოგებით არის გამოწვეული. თუმცა, ეს ტრანსფერები უკვე იმთავითვე რომ წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ, ესეც ფაქტია. დანარჩენი მწვრთნელზე და ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

    ყოველ შემთქვევაში არალივერპულის გულშემატკივრის პოზიციიდან ასე ჩანს.

    • Tornike ამბობს:

      შეიძლება ეგ მომენტიც იყოს, თუმცა ჩვენს ახალ მფლობელებს სპეციალური სტატისტიკური სისტემა აქვთ, რომლის მიხედვითაც ყიდულობენ ფეხბურთელებს, თანაც ორი მთავარი ფიგურა მაგ საქმეში დალგლიში და კომოლია – ორი ევროპელი.

  2. Lord Vader ამბობს:

    მთავარია, რომ სეპარატისტებს აცდა და სადაც უნდა იქ ითამაშოს ;)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s