ლივერპული 0 ბრაგა 0 – სადაა კრეატიულობა?

ე.წ ‘ევროპული ღამეები’ ანფილდზე საყოველთაოდ ცნობილია დამუხტული ატმოსფეროთი და ემოციებით. ეს ფენომენი ყველაზე აშკარად ბოლო ათწლეულში გამოჩნდა, როდესაც მიმოხილვის ახალმა ტექნიკურმა საშუალებებმა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ტრიბუნებზე მიმდინარე მოვლენების გაშუქების საშუალება მისცა მედიას. ‘ევროპული ღამეების’ — როგორც გულშემატკივრის მიერ მოწყობილი მომაჯადოებელი ატმოსფეროს — მამოძრავებელი ფაქტორი რა თქმა უნდა მოედანზე ნაჩვენები თამაშია, თუმცა ფანების მონდომება გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე ევროპის ლიგის გუშინდელ მატჩში ლივერპულის მიერ წარმოდგენილ ფეხბურთს.

ფოტო: liverpoolfc.tv

პირველ მატჩში პორტუგალიაში 0-1 დამარცხება იდეალურ ამინდს ქმნიდა ემოციური, დატვირთული თამაშისათვის ანფილდზე — დაახლოებით ისეთს, როგორიც ლივერპულისა და ოლიმპიაკოსის 2004 წლის თამაშის წინ დადგა. მაყურებელმა გუნდის შეგულიანების და გოლისათვის დამუხტვის საქმეში ამჯერადაც დიდი მონდომება გამოხატა, თუმცა გუნდმა — რომელიც მაშინდელ ლივერპულზე უკეთაა დაკომპლექტებული — ამას სათანადო თამაშით და შედეგით ვერ უპასუხა. ამის მიზეზი ჩემი აზრით მარტივია — გუნდს აკლდა მოთამაშე, რომელიც ბოლო პასით მოწინააღმდეგის დაცვას გახსნიდა. ასე იყო იმ 7 წლის წინანდელ თამაშშიც; შედეგი იქ ‘მიწოლის’ ხარჯზე იქნა მიღწეული, თუმცა ასეთი მიდგომა რომ ყოველთვის ვერ იმუშავებს, ალბათ თავისთავად გასაგებია. გუშინ ლივერპულს მოედანზე ჰყავდა 4 მოთამაშე — მაქსი, კიუიტი, მეირელეში და კოული — რომელთაც ნახსენები ბოლო პასის შესრულება ევალებოდათ. ამ ოთხეულიდან მეირელეშის პასების შედეგიანობაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა, კიუიტისგან კი პასზე უფრო პრესინგის შესრულებასა და გოლის ავტორობას მივეჩვიეთ. რაც შეეხება დანარჩენ ორს, სამწუხაროდ მათგან საჭიროზე დაბალი დონის შესრულება უკვე ჩვეული გახდა. აშკარად გამოჩნდა, რამდენად აკლდა გუნდს სუარესი, რომელმაც ორი კვირის წინ იუნაიტედის დაცვა გახსნა. მის გარეშე შეტევები განმეორებადი ჩაწოდებებით შემოიფარგლებოდა, რაც სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია, ლივერპულის შეტევის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახდა. დალგლიშს აუცილებლად დასჭირდება მაქსისა და კოულის მიმდინარე შემტევი თამაშის დონის გადახედვა მათი გუნდში დატოვების პერსპექტივაში.

ბრაგას ლივერპულის დაცვა დიდად არ შეუწუხებია და აქედან გამომდინარე, დაცვის ხაზის თამაშზე ბევრის დაწერის საფუძველი არ არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბოლო ხუთ მატჩში მეოთხე სტარტი იყო დენი უილსონისთვის. მიმდინარე სეზონი როგორც შეძენილი, ისე რეზერვებიდან ძირითად გუნდში გადმოყვანილი მოთამაშეების ხარჯზე შემადგენლობის სრული გადახალისების წელია და სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ამ მოთამაშეების უმეტესობა კარგად ართვამს თავს მოვალეობას. ზემოთხსენებული სუსტი მოთამაშეების საჭირო დონის ფეხბურთელებით — და პირველ რიგში ისეთებით, რომლებიც ანფილდის ‘ევროპულ ღამეებსა’ და სხვა თამაშებზე მოწინააღმდეგის დაცვას გახსნიან და გამამწვავებელ პასებს შეასრულებენ — შეცვლის შემთხვევაში გუნდი იმ სახეს მიიღებს, რომლის ნახვაც გულშემატკივრების დიდი ხნის ოცნებაა.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s