სად გვჭირდება გაძლიერება?

სეზონის დასასრულის და საზაფხულო ტრანსფერების მოახლოვებისთანავე იწყება გუნდებში საკადრო ცვლილებების თემის გახურება. ლივერპულში აქტიურ სატრანსფერო პერიოდს ელიან და სერიოზულ მედია-წყაროებში რამდენიმე პოტენციური ტრანსფერის სახელიც იყო ნახსენები. ქვემოთ შევეცდები გავარჩიო, რომელ პოზიციებზეა ცვლილებები ყველაზე მეტად საჭირო.

ჯო კოული პრაღის სპარტასთან მატჩისწინა ვარჯიშზე | ფოტო: liverpoolfc.tv

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი სამომავლო სატრანსფერო ანალიზისთვის საკმაოდ რთული გამოდგა – იმის მიუხედავად, რომ შარშანდელი აგვისტოდან ამ უკანასკნელი კვირების ჩათვლით ნათლად გამოჩნდნენ გუნდის სუსტად მოთამაშე წევრები, მათი ადგილი სეზონის განმავლობაში რეზერვებიდან დაწინაურებულმა ახალგაზრდებმა დაიკავეს – გლენ ჯონსონის სუსტი გამოსვლა მარჯვენა ფლანგზე მარტინ კელის წარმატებებმა შეცვალა, ხოლო იგივე ჯონსონის პრობლემები მარცხენა ფლანგზე დენი უილსონის დაყენებამ გადაფარა. მოედნის ცენტრში კრისტიან პოულსენის რთულმა ადაპტაციამ (თუ უბრალოდ ლივერპულის დონესთან შეუსაბამობამ) ჯეი სპირინგის რეგულარული გამოჩენა გამოიწვია. ამ სამივე ახალგაზრდამ მათთვის გამოყოფილი თამაშები იმდენად დამაჯერებლად ჩაატარა, რომ რთულია დაასკვნა, შეეცდება (ან უნდა შეეცადოს თუ არა) დალგლიში მათ პოზიციებზე გამოცდილი მოთამაშეების მოყვანას. ამ პოზიციების გარდა, მოუგვარებელი რჩება მარცხენა ფლანგური ნახევარმცველის უკვე ქრონიკული პრობლემა. მდგომარეობას ნახსენებ პოზიციებზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით გავარჩევ:

მარჯვენა მცველის პოზიციაზე — კელის და ჯონსონის გათვალისწინებით — საკმარისი რესურსია როტაციისთვის. კელის ძირითადში გამოსვლისა და ჯონსონის სათადარიგოდ/ტრავმის შემთხვევაში დაზღვევის/სეზონის დაახლოებით 60 თამაშიდან ნაწილში გამომსვლელად გამოყენების ვარიანტი საიმედო ჩანს. ეს ორი სეზონის წინ რთული გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან მაშინ ჯონსონზე გაცილებით მეტი მოთხოვნა იყო და სათადარიგოდ აღმოჩენის შემთხვევაში მას შეეძლო უბრალოდ დაეტოვებინა გუნდი, თუმცა ასეთი სუსტი სეზონის შემდეგ ბუნებრივი იქნება, თუ მას სათადარიგო სკამზე აღმოჩენა და პოზიციის დაბრუნებისთვის ბრძოლა მოუწევს. ეს მდგომარეობა გუნდსაც გამოადგება.

მარცხენა მცველის პოზიციაზე წელს რეგულარულად ოთხი მოთამაშე — კონჩესკი, ჯონსონი, უილსონი და აგერი იყო გამოყენებული. ეს უკანასკნელი ნატურალური ცენტრალური მცველია, ამიტომ ამ შემთხვევაში მას გამოვრიცხავ. რეგულარულად მოთამაშეთა სიაში წესით აურელიოც უნდა აღმოჩენილიყო, თუმცა ბრაზილიელის გამუდმებული ტრავმები წელსაც თვალშისაცემი იყო და გამიკვირდება, თუ კენი მას გუნდში დატოვებს. ჯონსონის დაცვის მარჯვენა ფრთაზე გათვალისწინების შემთხვევაში მარცხნივ მხოლოდ უილსონის და კონჩესკის ვარიანტები რჩება (თუ სეზონის ბოლო თამაშებში ახალგაზრდა ჯეკ რობინსონის გამოჩენას 2011-12 სეზონისთვის არ ვივარაუდებთ). ამ უკანასკნელის განათხოვრება სეზონის შუა პერიოდში იმაზე მიუთითებს, რომ დალგლიში მას არ ენდობა, დარჩენილ უილსონს კი ისევე დასჭირდება შემცვლელი, როგორც მარჯვენა ფლანგის მცველს, ასე რომ მარცხენა მცველის პოზიცია ერთ-ერთი სავარაუდო ადგილია ტრანსფერისთვის.

ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე პირველი მოსალოდნელი ცვლილება პოულსენის წასვლა უნდა იყოს — დალგლიშისგან მასზე დიდი ავანსების გაცემა არ შემიმჩნევია და აქედან გამომდინარე, დანიელის დარჩენაც (ისევე, როგორც აურელიოსი) საეჭვოა. ამ შემთხვევაში კითხვა მდგომარეობს იმაში, მას მწვრთნელი ასევე კლასიკური ჩამშლელით ჩაანაცვლებს, თუ ამ როლს სპირინგს მიანდობს და პოულსენის წასვლას უფრო უნივერსალური ცენტრით შეავსებს. გამომდინარე იქიდან, რომ ორი შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი (ჯერარდი და მეირელეში) დალგლიშს უკვე ჰყავს და მათ ჩაშლაზე ორიენტირებული ლუკასი (რომელსაც კლუბმა ახლახანს გაუგრძელა კონტრაქტი) და სპირინგი ემატება, მეხუთე ნახევარმცველის გამოჩენის და მისი როლის საკითხი პროგნოზისთვის ძნელი თემაა.

მარცხენა ფლანგელის პოზიცია ლივერპულისთვის დაახლოებით 10-წლიანი პრობლემა გახდა. ბრწყინვალე პატრიკ ბერგერის წასვლის შემდეგ გასული დეკადის განმავლობაში აქ გამოდიოდნენ დანი მერფი, ჰარი კიუელი, იონ არნე რიისე, ბუდევინ ზენდენი, რაიან ბაბელი, ალბერტ რიერა, 2010-11-ში კი მას იკავებდნენ მაქსი როდრიგესი და ჯო კოული, თუმცა ეს პოზიცია — მისი ყველა მოთხოვნით — ვერავინ შეავსო. ყველაზე პერსპექტიული ამ მცირე სიიდან ალბათ კიუელის თამაში იყო, თუმცა გამუდმებულმა ტრავმებმა ამ პერსპექტივას წერტილი დაუსვა (თუმცა მხოლოდ ლივერპულში, როგორც მისი თურქეთში გადასვლისა და მისი აგენტისაგან მერსისაიდული კლუბის მაშინდელი სამედიცინო შტაბის კრიტიკის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ჰარის მიერ მიღებული ტრავმების რიცხვმა მკვეთრად იკლო). მარცხენა ვინგერის პოზიციაზე მთელი ამ 10 წლის განმავლობაში იგრძნობოდა გაუმჯობესების დიდი  პერსპექტივა, ხანდახან კი (მაგალითად 2008-09 სეზონის მეორე ნახევარში) ეს ერთადერთი პოზიცია იყო, რომელსაც გამოსწორება სჭირდებოდა იმისათვის, რომ გუნდი სრულ პოტენციალზე ამუშავებულიყო. მიმდინარე სეზონში მარცხნივ გამოსულ ფეხბურთელებს რაც შეეხება, მაქსი — ამას წინანდელი ჰეთ-თრიქის მიუხედავად — ჩემი აზრით ახლანდელი გუნდის ყველაზე სუსტი წერტილია — მას გუნდში გადმოსვლის შემდეგ გასული მთელი პერიოდის განმავლობაში არ უჩვენებია სტაბილურად მაღალი დონის და მისი პოზიციისათვის საჭირო თამაში. რაც შეეხება კოულს, მისი თამაში შეიძლება დაახლოებით ბაბელის პირველ სეზონს შევადაროთ, როცა იმედისმომცემი მომენტები არასტაბილურობამ გადაფარა. ამ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთის მიერ გუნდის დატოვება რეალურად მეჩვენება და აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ ზაფხულში ახალი მარცხენა ფლანგელის ტრანსფერი დიდი ალბათობით შედგება.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s