ოფიციალური და არაოფიციალური PR-ის სენი

ლივერპულის ოფიციალური ვებ-გვერდის 4 მაისის სიახლეებიდან დიდი ადგილია გამოყოფილი ჰედლაინისთვის: ‘დირკ კიუიტი ბარსაშიც ითამაშებდა’. ციტატა იან მოლბის ეკუთვნის, რომელიც აცხადებს, რომ ჰოლანდიელის სათამაშო თვისებები მას კატალონიელების შემადგენლობაშიც კი მოუპოვებდა ადგილს. ამ პოსტში მინდა შევეხო ოფიციალურ ვებ-გვერდზე წლების განმავლობაში კლუბის მოთამაშეების, მწვრთნელებისა და სხვა ფიგურების განდიდების ტენდენციას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.

რა თქმა უნდა, PR და კლუბთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ამბებისა და სხვათა აზრების გამოქვეყნება თანამედროვე საფეხბურთო კლუბის საქმიანობის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ როდესაც ოპტიმისტური განცხადებების და ქება-დიდების შემცველი სიახლეების გამოქვეყნებას მოედანზე ნაჩვენები თამაში და შედეგი არ ამყარებს, ასეთი ტენდენცია მალე გამაღიზიანებელი ხდება თვით კლუბის გულშემატკივრისთვისაც კი. ლივერპულის ფანები სამწუხაროდ ამ შემთხვევის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მაგალითს მივეჩვიეთ – ინტერნეტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში წითლების საიტმა სტუმართა რაოდენობის რამდენიმე რეკორდი დაამყარა და ფუნქციონალურადაც კარგადაა გამართული, თუმცა მასზე სასარგებლო ინფორმაციის პოვნის მცდელობა თევზაობას ჰგავს – ინფორმაციის უდიდესი ნაწილი იმას ეხება, როგორ აქებენ ერთმანეთს კლუბის მოთამაშეები, ან როგორ გამოთქვამენ ოპტიმისტურ პროგნოზებს ‘ექსპერტები’ მნიშვნელოვანი მატჩების წინ, თუნდაც ამისთვის რეალური საფუძველი არ არსებობდეს. ამ მიდგომას კვებავს ლივერპულში მცხოვრებ გულშემატკივართა აბსოლუტური უმეტესობის ფსიქოლოგიური ტიპაჟი – ლივერპულელები საფეხბურთო განხრით პრაგმატიკას არ არიან მიჩვეულები და მთელი კვირის განმავლობაში ოპტიმისტურ-გამამხნევებელი ინფორმაციის კითხვა ურჩევნიათ კრიტიკულ სტატიებთან გაცნობას. იგივე მდგომარეობაა ლივერპულის არაოფიციალურ ფორუმებზე, რომლებზეც მოთამაშეთა განმადიდებელი თემების გახსნის სიხშირე ყოველგვარ ზღვარსაა გადაცილებული, პერიოდულად გამოთქმულ კრიტიკას კი მძიმედ იღებენ (ამის მაგალითები საკუთარ თემებზე მაქვს გამოცდილი). ერთადერთი გამონაკლისი ამ ტენდენციიდან არის ავტორი ჯეიმი კანვარის კრიტიკული ვებ-გვერდი liverpool-kop.com, თუმცა ის ბოლო ხანს აღარ განახლებულა.

ძნელია, ოფიციალური საიტისგან საინფორმაციო თემების ტიპის შეცვლას ელოდე, მითუმეტეს, რომ მათ წარმატება ახლანდელმა მეთოდმა მოუტანა. მეტი პერსპექტივა აქვს კრიტიკული მიდგომის გულშემატკივრებში დანერგვის მცდელობას და იმედია, მომავალში მეტი კრიტიკული ფან-საიტის გაჩენას ვნახავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლივერპულის ფანებზე ტრადიციული აღტაცებული საუბრები მხოლოდ მათ სიმღერებს და გუნდის მხარდაჭერის უნარს შეეხება.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s